none
 
 
1.შესავალი
1.1 წინამდებარე პირობები (შემდგომში ”პირობები”) განსაზღვრავს ბანკის სასაჩუქრე ბარათის მიღებისა და მომსახურების პირობებს, ასევე არეგულირებს მხარეთა უფლება-მოვალეობებს აღნიშნული ბარათით სარგებლობის პროცესში.
1.2კლიენტი ვალდებულია გაეცნოს წინამდებარე პირობებს, სრულად შეავსოს და ხელი მოაწეროს სათანადო განაცხადს, რითაც იმავდროულად ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს წინამდებარე პირობებს და ეთანხმება მათ.
1.3 კლიენტის მიერ განაცხადის ხელმოწერა და ბარათის მიღება წარმოადგენს ბანკთან წინამდებარე პირობებით ხელშეკრულების გაფორმებას.
1.4ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულება შედგება:
1.4.1
კლიენტის მიერ ბანკის ფილიალში, სერვის-ცენტრში შევსებული განაცხადისგან;
1.4.2
წინამდებარე პირობებისაგან;
1.4.3
ბარათის მომსახურების ტრიფებისგან;
1.4.4
წინამდებარე პირობების ნებისმიერი დამატებითი დანართისგან ან/და განაცხად(ებ)ისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2.გამოყენებული ტერმინები
2.1 კლიენტი - ფიზიკური პირი, რომელიც შეიძენს ბარათს და შეიტანს ანგარიშზე თანხას პირადი სარგებლობისთვის ან/და სხვა ფიზიკური პირის სარგებლობაში გადასაცემად.
2.2 ბარათის მფლობელი - კლიენტი ან/და ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც გადაეცემა ბარათი წინამდებარე პირობების შესაბამისად.
2.3 ბანკი - სს “ლიბერთი ბანკი”, რეგისტრაციის თარიღი: 27 მარტი, 1995 წელი, საიდენტიფიკაციო კოდი: 203828304, საბანკო ლიცენზია: #0110247, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი 0162, ი. ჭავჭავაძის 74;
2.4 მხარე - ბანკი ან ბარათის მფლობელი.
2.5 მხარეები - ბანკი და ბარათის მფლობელი.
2.6 ბარათი/სასაჩუქრე ბარათი- არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ინდივიდუალური ან უნივერსალური ბარათი, რომლის გამოყენება შესაძლებელია კლიენტის მიერ ანგარიშზე შეტანილი თანხის ამოწურვამდე ან ბარათის ვადის გასვლამდე.
2.7 განაცხადი - კლიენტის მიერ ბარათის მისაღებად შევსებული განაცხადი, რომელზე ხელმოწერითაც კლიენტი იმავდროულად ადასტურებს წინამდებარე პირობებზე თანხმობას.
2.8 ანგარიში - საბანკო ანგარიში, რომელიც განკუთვნილია ბარათით განსახორციელებელი ოპერაციების მომსახურებისთვის.
2.9 სავაჭრო/მომსახურების ობიექტი - საქართველოში მოქმედი საცალო ვაჭრობის წერტილი ან/და ქსელი, სადაც ბანკთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ფუნქციონირებს ბანკის პოს ტერმინალი.
2.10ინდივიდუალური ბარათი - სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიერ შერჩეული დიზაინით ბანკის მიერ დამზადებული ბარათი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულ სავაჭრო /მომსახურების ობიექტში.
2.11 უნივერსალური ბარათი - ბარათი, რომლის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო/მომსახურების ობიექტში.

3.სასაჩუქრე ბარათი
3.1 ბარათის მიღება
3.1.1 ბარათის მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა წარუდგინოს სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი.
3.1.2 ბანკი კლიენტის მიერ შევსებული განაცხადის საფუძველზე და მის შესაბამიასდ ამზადებს ბარათს და გადასცემს კლიენტს სარგებლობაში. ბარათი წარმოადგენს ბანკის საკუთრებას.
3.1.3 თუ კლიენტი ბარათის დამზადებიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში არ მიაკითხავს ბანკს
ბარათის მისაღებად ბანკი უფლებამოსილი იქნება გააუქმოს ბარათი. ასეთ შემთხვევაში კლიენტის მიერ ბარათის მისაღებად გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
3.2 ნებადართული ოპერაციები და ბარათით სარგებლობა.
3.2.1 ბარათის გამოყენებით ბარათის მფლობელი უფლებამოსილია სავაჭრო / მომსახურების ობიექტებში ბანკის პოს ტერმინალის საშუალებით განახორციელოს საქონლის/მომსახურების შეძენა.
3.2.2 სავაჭრო/მომსახურების ობიექტების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ბარათის გამოყენება, ბარათის მფლობელს ეცნობება ბანკის საინფორმაციო მასალების, მათ შორის, ვებ გვერდის საშუალებით.
3.2.3 ბანკი უფლებამოსილია ბარათის მფლობელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე შეიტანოს ცვლილება სავაჭრო/მომსახურების ობიექტების ჩამონათვალში, რაც ბარათის მფლობელს ეცნობება ბანკის საინფორმაციო მასალების, მათ შორის ბანკის ვებ გვერდის საშუალებით.
3.2.4 ბარათზე არსებული თანხის გამოყენება ბარათის მფლობელს შეუძლია როგორც სრულად ისე ნაწილ-ნაწილ, თანხის სრულად ამოწურვამდე.
3.2.5 ბარათით ჩატარებულ ოპერაციას ბანკი შეასრულებს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
3.2.6 ბარათის მფლობელი უფლებამოსილია შეამოწმოს ბარათის ბალანსი შემდეგი საშუალებების გამოყენებით:
i ბანკის ქოლ ცენტრით - ტელ: +995 32 255 55 00;
ii ბანკის სერვის ცენტრებით;
iii სავაჭრო/მომსახურების ობიქტებში განთავსებული პოს ტერმინალებით;
iv მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით ბარათის 16 ნიშნა ნომრის ტექსტად გაგზავნით ნომერზე 5550;
v ბანკის ვებ გვერდის www.libertybank.ge საშუალებით.
3.2 ბარათის სხვა პირისთვის გადაცემა.
3.2.1 კლიენტს უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს გადასცეს ბარათი და ბარათით სარგებლობის უფლება.
3.2.2 კლიენტის მიერ სხვა პირისთვის ბარათის გადაცემის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სრულად გააცნოს ბარათის ახალ მფლობელს ბარათით სარგებლობის წესები და წინამდებარე პირობები.
3.2.3 სხვა პირისთვის ბარათის გადაცემის შემთხვევაში ბარათით განხორციელებულ ნებისმიერ ოპერაციასა და ბანკის მიმართ წინამდებარე პირობების შესაბამისად წარმოშობილ ყოველგვარ უფლებებზე და ვალდებულებებზე პასუხისმგებელია კლიენტი.
3.3 ბარათის გამოყენების შეზღუდვები და ლიმიტები.
3.3.1 ბარათზე თანხის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადად კლიენტის მიერ ბარათის შეძენის დროს.
3.3.2 იმ შემთხვევაში, როდესაც ბარათზე გამოსახულია თანხის ფიქსირებული ოდენობა, აღნიშნულ ბარათზე კლიენტს შეუძლია მხოლოდ დასახელებული ოდენობის თანხის შეტანა, ხოლო ბარათზე, რომელზეც არ არის მითითებული კონკრეტული თანხის ოდენობა, კლიენტს შეუძლია ნებისმიერი ოდენობის თანხის შეტანა 20 (ოცი) ლარიდან 995 (ცხრაას ოთხმოცდა თხუთმეტი) ლარის ჩათვლით.
3.3.3 ბარათით ოპერაციების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მასზე არსებული თანხის ლიმიტის ფარგლებში.
3.3.4 ბარათზე არსებული თანხა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ბარათის მოქმედების ვადაში.
3.3.5 ბარათით ოპერაციის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
3.3.6 დაუშვებელია ბარათის საშუალებით შემდეგი ოპერაციების განხორციელება:
ნაღდი ფულის გაცემა;
i ინტერნეტში გადახდების განხორციელება;
ii თანხის ჩარიცხვა (კლიენტის მიერ თავდაპირველი ჩარიცხვის შემდეგ);
iii თანხის გადარიცხვა, თუ ეს არ არის დაკავშირებული საქონლის/ მომსახურების ბარათით შეძენის ოპერაციასთან სავაჭრო/მომსახურების ობიექტში;
iv ბარათის გამოყენება საქართველოს ფარგლებს გარეთ.
v სხვა ოპერაციების განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება წინამდებარე პირობებს ან/და მოქმედ კანონმდებლობას.
3.4 ბარათის შეცვლა, დაკარგვა, გაუქმება.
3.4.1 ბარათის მფლობელი უფლებამოსილია ბარათის მოქმედების ვადაში ბანკს მოსთხოვოს ინდივიდუალური ბარათის შეცვლა უნივერსალური ბარათით, იმ შემთხვევაში თუ განხორციელდა ან მიმდინარეობს მომსახურების/სავაჭრო ობიექტის ლიკვიდაცია, ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტსა და ბანკს შორის შეწყდა შესაბამისი ხელშეკრულება, რაც შეუძლებელს ხდის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ბარათის გამოყენებას.
3.4.2 ბარათის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ბარათის დაკარგვის შესახებ.
3.4.3 ბარათის დაკარგვის შემთხვევაში ბარათი აღდგენას, ხოლო მასზე არსებული ნაშთი დაბრუნებას არ ექვემდებარება.
3.4.4 ბარათი უქმდება მასზე გამოსახული ვადის გასვლის ან არსებული ნაშთის სრულად ამოწურვის შემთხვევაში.
3.4.5 ბარათზე არსებული ნაშთის სრულად ამოწურვის ან/და ბარათის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს ბარათი და დახუროს ანგარიში ბარათის მფლობელის დამატებითი თანხმობის გარეშე.
3.4.6 ბარათის მფლობელის მიერ ბარათის მოქმედების ვადაში ანგარიშის დახურვა და ბარათის გაუქმება დაუშვებელია.

4. ბარათის მომსახურების ტარიფები
4.1 ბარათის მომსახურების ტარიფები განისაზღვრება ცალკე დანართის სახით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე პირობებისა და ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
4.2 ბარათის შეძენიდან პირველი 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ბარათის მომსახურება უფასოა, ბარათის მოქმედების დარჩენილ ვადაში ბარათის მფლობელი ბარათზე არსებული თანხიდან უხდის ბაკნს საკომისიოს ბანკში დადგენილი ტარიფებით.
4.3 ბარათის მოქმედების ვადაში ბარათზე არსებული თანხის ათვისების შემთხვევაში ბარათისა და საბარათე ანგარიშის გაუქმება უფასოა, ხოლო ბარათის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ბარათის მფლობელი ბარათზე არსებული თანხიდან უხდის ბანკს ბარათის გაუქმებისა და საბარათე ანგარიშის დახურვის საკომისიოს ბანკში დადგენილი ტარიფებით.
4.4 ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს მოქმედი ტარიფები. ბანკის მიერ დადგენილ ტარიფებში ცვლილებების შემთხვევაში, ბარათის მფლობელს ეცნობება ბანკის საინფორმაციო მასალის მათ შორის ვებ გვერდის საშუალებით.
4.5 ბანკი უფლებამოსილია ბარათიდან უაქცეპტო წესით ჩამოჭრას საბანკო ოპერაციების წარმოების და ბარათის მომსახურების საკომისიო ტარიფები.

5. პასუხისმგებლობა
5.1 კლიენტი პასუხისმგებელია ნებისმიერი პირის მიერ ბარათით განხორციელებულ ყოველგვარ ოპერაციაზე.
5.2 ბანკი არ იქნება პასუხისმგებელი წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე თუ აღნიშნული გამოწვეულია ბარათის მფლობელის მიერ განაცხადით და/ან წინამდებარე პირობებით ნაკისირი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევით.
5.3 ბანკს არ ეკისრება პასუხისმგებლობა პირობების შესრულებაზე თუ აღნიშნული გამოწვეულია ბარათის მფლობელის ან მისი ქონების მიმართ სასამართლო, აღმასრულებელი ან/და საგადასახდო ორგანოების მოთხოვნების ან/და შეზღუდვების დაწესებით.
5.4 ბანკს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ბარათის დაკარგვისა და მისი არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენებით გამოწვეულ შედეგებზე.
5.5 ბანკი არ არის პასუხისმგებელი სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიერ ბარათის მომსახურებაზე უარის თქმით გამოწვეულ ან/და ნებისმიერი სხვა საფუძვლით ბარათის მფლობელსა და სავაჭრო/ მომსახურების ობიექტს შორის წარმოშობილ დავაზე,
5.6 ბანკი არ არის პასუხსისმგებელი დაგვიანებულ, არაკორექტულ ან შეუსრულებელ ოპერაციებზე, რომლებიც გამოწვეულია საგადამხდელო სისტემის ან ტექნიკური მიზეზების გამო.
5.7 ბარათის მფლობელი აცხადებს თანხმობას იმის შესახებ, რომ აუნაზღაურებს და დაიცავს ბანკს ზიანისგან, ზარალისგან, სასამართლო ხარჯებისგან, ბარათის მფლობელის ან მესამე მხარის მიერ წამოწყებული საჩივრისგან, ქმედებისგან ან სასამართლოში წარდგენილი საჩივრისგან, სარჩელისგან ან განაცხადისგან ასევე ბარათის მფლობელი აუნაზღაურებს და დაიცავს ბანკს ისეთი ზიანისაგან, რომელიც წარმოიშვა ბარათის გამოყენების შედეგად.
6. ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა
6.1 წინამდებარე პირობები ძალაში შედის კლიენტის მიერ შესაბამისი განაცხადის შევსების, ხელმოწერისა და ბარათის მიღების შემდეგ.
6.2 პირობები მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისირი ვალდებულების სრულ შესრულებამდე

7. კონფიდენციალურობა და პირადი ინფორმაცია
7.1 კონფიდენციალურობა
7.1.1 მხარეები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ ერთმანეთის რეპუტაციას, დაიცვან ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის (პირობების) საიდუმლოება, გარდა
წინამდებარე პირობებით ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7.2 პირადი ინფორმაციის გამოყენება
7.2.1 ბანკს უფლება აქვს გადასცეს ან/და გაუმჟღავნოს ბანკის ხელთ არსებული ინფორმაცია კლიენტის შესახებ, კლიენტის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ კლიენტის მიერ ნებადართულ პირებს, ბანკის შვილობილ და მონათესავე საწარმოებს, ბანკის მომწოდებლებს.
7.2.2 ბანკს უფლება აქვს, რაზედაც კლიენტი აცხადებს უპირობო თანხმობას, გამოიყენოს ინფორმაცია კლიენტის მიერ ბარათით სარგებლობის შესახებ და გადასცეს აღნიშნული ინფორმაცია ბანკის შვილობილ, მონათესავე ან სხვა ნებისმიერ პირებს მათ მიერ სხვადასხვა მომსახურების შემოთავაზებების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია ბანკის მიერ მოპოვებული იქნება სხვადასხვა წყაროებიდან, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს კლიენტის მიერ შევსებულ განაცხად(ებ)ს, კლიენტის მიერ განხორციელებული ოპერაციებიდან, გამოკითხვებიდან და კვლევებიდან (რომელიც მოიცავს კლიენტთან დაკავშირებას ელექტრონული ფოსტის, ინტერნეტის, ტელეფონის ან სხვა საშუალებით), და ასევე სხვა გარე წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს და მარკეტინგულ ორგანიზაციებს.
7.2.3 ბანკის მიერ წინამდებარე მუხლში აღნიშნული ინფორმაციის შენახვა მოხდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება ბანკის მიზნებს და ინტერესებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადებისა. კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში მიაწვდის კლიენტს მის შესახებ ბანკში არსებულ ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაციის მიღებაზე ბანკს ცალმხრივად აქვს უფლება დააწესოს მომსახურების ტარიფი საკომისიოს სახით.
7.2.4 თუ კლიენტი თვლის, რომ კლიენტის შესახებ ბანკში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან არ არის სრული, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ბანკს აღნიშნულის შესახებ.
8. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
8.1 წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
8.2 ნებისმიერი დავა, წინააღმდეგობა ან საჩივარი, რომელიც წარმოიშობა ან შეეხება ამ პირობებს ან ამ პირობების ნებისმიერ დარღვევას, მოგვარდება მხარეებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე.
8.3 თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს ბანკის იურდიული მისამართის მიხედვით.

9. ფორს-მაჟორი
9.1 არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, არადროულად ან/და არასათანადოდ შესრულებაზე, თუ აღნიშნული შეუსრულებლობა, არასათანადო ან არადროულად შესრულება განპირობებულია დაუძლეველი ძალის გარემოებათა (ფორს-მაჟორული გარემოებები) დადგომის ან/და მოქმედების შედეგად.
9.2 დაუძლეველი ძალის გარემოებები გულისხმობს საგანგებო ხასიათის მქონე მოვლენებს, რომლებიც წარმოიქმნა წინამდებარე ხელშეკრულების დადების შემდეგ, მხარეთა (მხარის) ნების გარეშე, ასევე სტიქიური მოვლენები და კატაკლიზმები, ომი, სამოქალაქო არეულობა, სახელმწიფო ხელისუფლების საკანონმდებლო ან/და აღმასრულებელი ორგანოების ნორმატიული აქტები და გადაწყვეტილებები, და ა.შ. რაც შეუძლებელს ხდის მხარეთა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას.
9.3 მხარე, რომელიც ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ფორს-მაჟორული გარემოებების ზემოქმედების გამო, ვალდებულია დაუყოვნებლივ, აღნიშნული გარემოებების დადგომიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში, წერილობითი ფორმით აცნობოს მეორე მხარეს ფორს-მაჟორულ გარემოებათა და მათი დადგომის შესახებ და მიიღოს აუცილებელი ზომები ამ გარემოებებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესამცირებლად. ანალოგიური მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე ფორს-მაჟორული გარემოებებისა და მათი შედეგების შეწყვეტის შესახებ შეტყობინებაზეც.
9.4 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ამგვარი
გარემოებებით შეფერხებული ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება გადაიწევს ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების ვადით.

10. დასკვნითი დებულებები
10.1 ბარათის მფლობელი უპირობოდ აცხადებს თანხმობას, რომ ბანკს ნებისმიერ დროს შეუძლია დაუთმოს, გაყიდოს ან გადასცეს წინამდებარე პირობებით განსაზღვრული უფლებები, მოვალეობები და სარგებელი სხვა მესამე პირს წინასწარი შეტყობინების გარეშე.
10.2 თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების იურიდიულ ძალაზე.
10.3 წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.
10.4 ბანკს უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს ბარათის მფლობელს ბანკის საინფორმაციო საშუალებების მათ შორის ბანკის ვებ გვერდის მეშვეობით.
10.5 ბარათის მფლობელის მიერ ბანკიდან ელექტრონული სახით მიღებულ ნებისმიერ შეტყობინებას აქვს წერილობითი ფორმით მიღებული შეტყობინების ძალა.
10.6 ბანკი არ არის პასუხისმგებელი ბარათის მფლობელის მიერ შეტყობინებების მიუღებლობაზე თუკი იგი გაგზავნილი იქნა იმ მისამართზე ან იმ საკონტაქტო მონაცემების საფუძველზე, რომელიც ბარათის მფლობელის მიერ წინასწარ არის მითითებული.
10.7 ბარათის მფლობელი ვალდებულია ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ბანკის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც მოთხოვნილი იქნება ბანკის მიერ ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
10.8 თუ წინამდებარე პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობითი ფორმით.
10.9 ბანკის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელების გადავადება არ ნიშნავს იმას, რომ ბანკი უარს ამბობს თავის უფლებებზე; აგრეთვე ბანკის ნებისმიერი უფლების ნაწილობრივ ან სრულად გამოუყენებლობა არ ნიშნავს მომავალში ამ უფლების სრულად გამოყენების შეზღუდვას.
10.10 წინამდებარე პირობებს ენიჭება უპირატესი ძალა მხარეთა შორის აქამდე იგივე საგანზე გაფორმებულ ნებისმიერ შეთანხმებასა და ხელშეკრულებასთან შედარებით.
10.11 პირობები სავალდებულო იქნება და შესაბამისი იურიდიული ძალა ექნება მხარეების შესაბამისი მემკვიდრეების და უფლებამონაცვლეების სასარგებლოდ .
10.12 პირობები შედგენილია ქათულ ენაზე.